ხანძარი ბორჯომის ტყეში

 

მესამე დღეა ბორჯომში მეხანძრეები და მაშველები ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე 10–ზე მეტი ჰექტარი ტყე გაანადგურა. არსებობდა ცეცხლის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე, სოფლებში იყო პანიკა.

ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციადღეს, 22 აგვისტოს, დილის 06:30 საათიდან, ბორჯომში, სახანძრო და საავიაციო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 500–მდე მეხანძრე–მაშველი, 3 ვერტმფრენი – მათ შორის, ორი საქართველოდან და ერთი აზერბაიჯანიდან და ათობით სახანძრო მანქანა, რომელთა მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გახდა საჭირო.ცეცხლი სოფლებთან – დაბასა და წაღვერთანაა ახლოს, ამიტომ, წუხელ, ამ სოფლების მცხოვრებთა ნაწილი, გვიან ღამემდე გარეთ იყო.
ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა. სოფელ დაბიდან მხოლოდ ერთი, სოფლის განაპირას, ხანძართან ყველაზე ახლოს მცხოვრები ოჯახი გაიყვანეს.

ნახევარი ჰექტარიდან დიდ მასშტაბებამდე
ბორჯომში, სოფელ დაბაში, ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა, დაახლოებით ორ საათზე. ტყეში ცეცხლის პატარა კერა იყო. სოფელი დახმარებას ითხოვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩნდა. უწყებაში ამბობდნენ, რომ ცეცხლი ტყის მასივზე მოდებული არ იყო და ბალახებს ეკიდა. თავდაპირველად ხანძრის ჩაქრობა რეგიონის სახანძრო სამსახურებმა დაიწყეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად დაახლოებით 500კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა, ხანძრის ლოკალიზება გართულებული იყო ქარის გამო.

საღამოს, ბორჯომში, სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი გამოჩნდა, თუმცა, ღამით, დაკვამლიანებისა და ხილვადობის არარსებობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა.
21 აგვისტოს, დილის 06:00 საათისთვის, ხანძრის მასშტაბმა 5 ჰექტარს მიაღწია. ხანძრის ლოკალიზებას ვერტმფრენთან და მაშველებთან ერთად ცდილობდენ ადგილობრივებიც. ამ დროისათვის ცეცხლი ტყის მწვანე მასივზე ჯერ გადასული არ იყო. შუადღეს განაცხადეს, რომ შეძლეს ხანძრის ლოკალიზება.
21 აგვისტოს, საღამოს, ძლიერი ქარის გამო ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა, ისევ აალდა ლოკალიზებულ ადგილებში და გასცდა კიდეც ამ ადგილებს. საქართველომ დახმარება მეზობელ აზერბაიჯანს სთხოვა. აზერბაიჯანული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში გვიან საღამოს ჩაერთო. ორივე ვერტმფრენმა ისევ მხოლოდ დაბნელებამდე იმუშავა.

ღამით ხანძრის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა. ცეცხლმა სოფელ დაბასთან მიაღწია. სოფელში პანიკა დაიწყო. სტიქიის ზონაში საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაემგზავრა. სოფელ დაბაში მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა, ვინც ტყესთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდა, სახლი დატოვა.

გვიან ღამით, წაღვერში, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. ერთსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა და არ იყო პანიკისა და ევაკუაციის საფუძველი.

მისივე გაცხადებით, ღამით ადგილზე იმუშავებდა მძიმე ტექნიკა, გაჭრიდნენ გზებს, დილით კი სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვებოდა უკვე ხუთი ვერტმფრენი, აქედან ორს თურქეთი აგზავნიდა და ასევე მეორე ვერტმფრენს დაგვახმარდა აზერბაიჯანი.

ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პარალელურად, მთელი ქვეყნიდან ხდებოდა მძიმე ტექნიკის მობილიზება ბორჯომში. ამისათვის, სტიქიის ზონაში გზის მანქანებისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ სამართალდამცველები. გვიან ღამით ბორჯომში მძიმე ტექნიკა შევიდა.
არც სოფელი დაბა და არც წაღვერი ხალხს არ დაუტოვებია. ისინი გვიან ღამით ქუჩიდან სახლებში წავიდნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მეხანძრე–მაშველები და პოლიცია. სოფლიდან ხანძრის კერამდე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ღამით ბორჯომში დარჩნენ საგანგებო შტაბის წევრებიც

.

სოფელ დაბაში ფიქრობენ, რომ მთავრობამ რეაგირება დააგვიანა, მობილიზება დროულად რომ დაწყებულიყო, ბორჯომში ასეთი მასშტაბის სტიქიას ავიცილებდით

.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება დაახლოებით რა ფართობს მოედო ცეცხლი. სავარაუდოდ, ეს ციფრი ასცდა 10 ჰექტარს. განადგურდა არამარტო ნახანძარალი ბუჩქნარი, არამედ ის ადგილებიც, სადაც გასული წლის სექტემბრიდან 30 000–ზე მეტი ნერგი დაირგო.

ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *