გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 208 ფაქტი აგვისტოში გამოვლინდა, მაშინ როცა, ბორჯომის ტყეში ხანძარი იყო.

აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი – 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 საახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მხოლოდ აგვისტოს თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 20 საახერხი დანადგარი.

“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართულობაც, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით გვაცნობონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153”, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here