“დმანისის გადარჩენის ფონდის” განცხადება აუქციონზე შეძენილ ევკალიპტის ხესთან დაკავშირებით

“ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არღვევს ყოველგვარ სამართლებრივ ნორმას და საკუთრებაში არ გვირეგისტრირებს აუქციონზე შეძენილ ქონებას – ევკალიპტის ჯიშის ასწლოვან ხეს. “დმანისის გადარჩენის ფონდის” წარმომადგენლებმა, არაერთხელ, მივმართეთ უწყებას წერილობით, გავმართეთ შეხვედრა მათ იურისტებთან, თუმცა,  მიუხედავად ამისა, სააგენტო არ გვირეგისტრირებს შეძენილ ქონებას საკუთრებაში და აცხადებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება ხის გატანის შემდეგ.

ამავდროულად, უწყება ჩვენგან ითხოვს საბანკო რეკვიზიტების გაგზავნას, რათა ჩვენს მიერ გადახდილი 20 020 ლარი უკან გადმორიცხოს. ამ შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტა და მათ მიეცემათ საშუალება ხელახლა გამოაცხადონ აუქციონი იმისთვის, ვისთვისაც თავიდანვე იყო გამოცხადებული. საუბარია კომპანია ,”ურეკი რეზიდენსზე”, რომელიც ეკუთვნის ბერა ივანიშვილს.

2016 წელს, აღნიშნული კომპანიის 100% წილის მფლობელი იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს კომპანია, 2017 წლის 3 იანვარს, 4 მილიონ ლარად მიყიდა თავის შვილს, ბერა ივანიშვილს.

ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აუქციონი გამოცხადებული იყო ასწლოვანი ხეების მოყვარული ბიძინა ივანიშვილისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტო უხეშად არღვევს კანონს, როცა არ გვიფორმებს მიღება-ჩაბარების აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს წარმომადგენლებს ან კომპეტენციის პრობლემა აქვთ და არ იცნობენ სათანადოდ ნორმატიულ აქტებს, ან მიზანმიმართულად არღვევენ კანონს.

კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მათ, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად და მოვითხოვთ 20 020 ლარად შეძენილი ქონების, ევკალიპტის ჯიშის ხის, რეგისტრაციაში გატარებას და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. ასევე, მივმართავთ ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, დაინტერესდეს მისი თანამშრომლების საქმიანობით, მოახდინოს მყისიერი რეაგირება და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.”

დმანისის გადარჩენის ფონდის განცხადება, ბრიფინგზე, ჟურნალისტებს გააცნო ფონდის ხელმძღვანელმა თამთა შამათავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *