პარადოქსული სიტუაცია: თამთა შამათავა – “თუ საკუთრებაში არ გადმომეცა ეს ხე რა უფლებით უნდა ამოვთხარო, ძალიან მარტივი საკითხია”

მომსახურების სააგენტოდან დაჟინებით გვწერენ, რომ ხის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება, ვიდრე ხეს არ გადავიტანთ ადგილიდან, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ წევრმა თამთა შამათავამ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ მიერ მოგებულ ტენდერზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „დმანისის გადარჩენის ფონდს“ მომსახურების სააგენტო ამ დრომდე არ უგზავნის მიღება-ჩაბარების აქტს.

„მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. მთელი ეს პერიოდი ჩვენსა და მომსახურების სააგენტოს შორის მიმოწერა გრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითხოვთ მიღება-ჩაბარების აქტს, ისინი დაჟინებით გვწერენ უკვე მერამდენედ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება მანამ, სანამ ხეს არ გადავიტანთ ადგილიდან. უბრალოდ, ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს: თუ საკუთრებაში არ გადმომეცა ეს ხე რა უფლებით უნდა ამოვთხარო, ძალიან მარტივი საკითხია. გასაგებიცაა მათი მოტივები, მათი პოზიცია. ამ ეტაპზე ვართ ახლა, რომ არ გვიგზავნიან მიღება-ჩაბარების აქტს“, – განაცხადა თამთა შამათავამ.

მისივე თქმით, ტენდერის პირობებში ხის გადატანის შეტანა გამყარებული იყო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„თვითონ ეს ბრძანება არის კანონსაწინააღმდეგო და ჩვენ ამასთან დაკავშირებით სარჩელიც შევიტანეთ სასამართლოში. პროცესი ჯერ არ დანიშნულა, მაგრამ შეტანილი გვაქვს და იმედია, უახლოეს დღეებში დაინიშნება“, – განაცხადა თამთა შამათავამ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20 020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *