გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი RMG Gold-ს და RMG Copper-ს რეკომენდაციებს აძლევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის საქმიანობის შემოწმების შედეგები და გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის აღნიშნულ კომპანიებზე დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გეგმა წარადგინა.

ლევან დავითაშვილი: „როგორც თქვენთვის ცნობილია, კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის, როგორც სალიცენზიო ასევე სანებართვო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება სახელმწიფომ განახორციელა 2015-2016 წლებში. შემოწმდა ორივე კომპანიის საოპერაციო არეალი (ჯამში სრული ფართობი, სადაც ორივე კომპანია საქმიანობას ახორციელებს შეადგენს 1228 ჰა ფართობს), რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს უკავშირდებოდა. დეტალურად შემოწმდა საწარმოების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები, მადნის გადამამუშავებელი ქარხანა. რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სს „RMG Cooper“-ის საქმიანობის შედეგად, გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები დარღვეულია სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, საქმიანობის ექსპლუატაციის შედეგად გამოიკვეთა ზემოქმედება წლის რესურსებზე (მდ.მაშავერა, მდ. ფოლადაური და მდ.კაზრეთულა), ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე. გარდა აღნიშნულისა, დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებით. მასალები, სადაც დეტალური დასკვნებია მოცემული თითოეულ დარღვეულ სანებართვო პირობასთან დაკავშირებით, გაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ, ისევე როგორც სააპელაციომ, კომპანია სცნო სამართალდამრღვევად. სასამართლო წარმოება მიმდინარეობდა 2017 წლის განმავლობაში და გასულ წელს კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტს გადმოეგზავნა მასალები, დავიწყეთ კონკრეტული გონივრული ვადების დადგენაზე მუშაობა, რა ვადებშიც კომპანიამ უნდა შეასრულოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები დარღვეული პირობების გამოსასწორებლად. გონივრული ვადების დადგენისას, სამინისტრომ, ცხადია კომპლექსურად შეისწავლა თითოეული დარღვევის სიმძიმე და მასშტაბურობა, აგრეთვე, მისი გავლენა გარემოზე. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას კომპანიის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში კომპანიებმა, უპირველესად, უნდა აღმოფხვრან საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება. ზედაპირული წყლების დაცვის მიზნით, სამინისტროს მიერ კომპანია RMG Copper-ს დაევალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება. როდესაც სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია. საუბარია 9 თვიან ვადაზე და ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, რაც ამ 9 თვიანი პერიოდისათვის ნამდვილად არ არის მარტივი საწარმოს ფართობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით. გარდააღნიშნულისა, მდინარეების ფოლადაურისა დამაშავერას, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის დროში გაწერილ ვადებში, ორივე კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს და ეტაპობრივად (2020 წლის 31 მარტამდე) აღკვეთოს კუდსაცავებიდან და ფუჭი ქანებისსანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების შესაგროვებელი სადრენაჟო სისტემისა დაგამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობების მონტაჟი.ამ ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, რასაც სულ მცირე 6 თვიანი ვადა სჭირდება. კომპანიები სამინისტროს წარმოუდგენენ გამწმენდი ნაგებობების დეტალურ პროექტებს, რასაც ჩვენი გეოლოგები და ჰიდროლოგები ადგილზე შეისწავლიან, იმისათვის რომ ყველა სამომავლო წყლის დაბინძურების რისკი თავიდან იქნეს აცილებული. კომპანიის მხრიდან ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია, გამომდინარე ტერიტორიის სიდიდისა, თუმცა ამ შემთხვევაში, სამინისტროს მიდგომა იყო მაქსიმალურად მკაცრი, რათა მოკლე ვადებში აღმოიფხვრას წყლის დაბინძურების პრობლემები რეგიონში. სამინისტროს მიერ დადგინდა გონივრული ვადები ყველა სხვა პირობის შესასრულებლად, რომელიც ძირითადად 2018-2020 წლებში გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. მათ შორის, კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ და წლის ბოლომდე დაასრულონ წყლის საშხეფი სისტემების დამონტაჟება მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მტვრის ემისიების შემცირებას. ექსპლუატაციის ეტაპზე მუდმივად უნდა უზრუნველყონ ცხელ და მშრალ ამინდებში ძირითადი სატრანსპორტო გზების პერიოდული მორწყვა, დამტვერიანების მინიმუმამდე შესამცირებლად. ცალკეულ ტერიტორიებზე დაზიანებული/დეგრადირებული ნიადაგის სანაცვლოდ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებების შემუშავება და სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა, შემდგომ კი სარემედიაციო ღონისძიებების გატარება (6 თვის ვადაში). ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებმა 1 თვის ვადაში სამინისტროს უნდა წარმოუდგინონ დეტალური ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის ღონისძიება, რასაც სს „RMG Cooper“ და შპს „RMG Gold“ სამინისტროს მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში განახორციელებენ საქმიანობის განხორციელების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად. ეს არის ძალიან კარგი ბერკეტი სამინისტროსთვის, რომ მუდმივად ამოწმოს კომპანიები და ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს იმისათვის, რომ დარღვეული პირობები შეასრულებინოს. ამავდროულად, ზედამხედველობის დეპარტამენტი გასულ წლებში ჩატარებული შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შეფასების საფუძველზე ახორციელებს გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოთვლას, რაშიც ჩართული არიან ზედამხედველობის დეპარტამენტის დარგობრივი სპეციალისტები და თანამშრომლები, ხდება სიტუაციური შეფასება და ზუსტი ზიანის დადგენა. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, ეს ნამდვილად ვერ ჩაითვლება უმოქმედობად, პირიქით, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისა, რა დროსაც თქვენთვის ასევე ძალიან კარგად არის ცნობილი იმ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2012 წელს გააფორმა სს ,,მადნეულთან“ (რომლის საოპერირო არეალს დღეს მოიცავს RMG copper-ის ტერიტორია) და შპს ,,კვარციტთან“ (რომლის საოპერაციო არეალსაც დღეს მოიცავს RMG Gold-ის ტერიტორია) და სახელმწიფო ბიუჯეტში 13 მილიონი ლარის გადახდის სანაცვლოდ აპატია, ყველა ის გარემოსდაცვითი დარღვევა, რაც ამ კომპანიებს ჰქონდათ ჩადენილი და ამავე შეთანხმებით სახელმწიფომ გასცა დაპირება კომპანიებზე, რომ არ შეამოწმებდა კომპანიების საქმიანობას და ეპატიებოდა ყველა გარემოსდაცვითი ზიანი. ეს შეთანხმება გაფორმებული იყო მათივე შეცვლილი კანონმდებლობის შესაბამისად. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიების ლიცენზიებს ვადა გასდიოდა და მაშინდელ მთავრობას სურდა ლიცენზიების გაყიდვა ე.წ. ვალდებულებებისგან ,,სუფთა“ მდგომარეობაში, მოხდა ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება, რაზეც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და გააუქმა გარემოს დაცვის კანონის ის ნორმა (2014 წელს), რომელიც მსგავსი შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებდა. წლების განმავლობაში საერთოდ არ ხდებოდა კომპანიების საქმიანობის შემოწმება-ინსპექტირება. ამის საპასუხოდ კი ჩვენ 2015-2016 წლებში ჩავატარეთ კომპანიების საქმიანობის კომპლექსური შემოწმებები (2013 წლიდან დღემდე კომპანიას მარტო გარემოსდაცვითი დარღვევებისთვის 263 000 ლარის ოდენობის ჯარიმა აქვს გადახდილი), სადაც მათ შორის ის ისტორიული ზიანებია სახეზე, რომელზეც წინა ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახორციელებდა და უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმით კომპანიებს ვავალებთ ქმედითი ღონისძიებების გატარებას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. ჩვენსა და წინა ხელისუფლების მიდგომებს შორის განსხვავება ამით კიდევ უფრო ცხადი და ნათელი ხდება საზოგადოებისათვის. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით საერთოდ არ ხორციელდებოდა ზედაპირული წყლებისა და ნიადაგის მონიტორინგი, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მონიტორინგის ქსელის აღდგენა, ვახორციელებთ მონიტორინგს ბოლნისის და დმანისის რეგიონებში, მუდმივი დაკვირვებების ქვეშ და ცხადია, არ ვმალავთ იმ ფაქტებს და მონაცემებს, რომ დაბინძურებები როგორც წყლის ასევე ნიადაგის ნაწილში არის, თუმცა ამისათვის, სწორედ კომპანიას ვთხოვთ პასუხს და მის ქმედებებს სამართლებრივ ჭრილში ვაქცევთ.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპონენტების მხრიდან გამოთქმული მოსაზრება, რომ კომპანიების საწარმოო პროცესი შეჩერდეს ვერ იქნება გაზიარებული, გამომდინარე იქედან, რომ ეს ვერ იქნება რეგიონში მოსაგვარებელი გარემოსდაცვითი პრობლემების ადექვატური გადაწყვეტა და ამავდროულად, დაკავშირებული იქნება იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან, რასაც საქმიანობის შეჩერება გამოიწვევს. რადგან დიდწილად რეგიონის ეკონომიკური და სოციალური საკითხები მიბმულია კომპანიების საქმიანობასთან. ციფრებს თუ გადავხედავთ (დღეს კომპანიას 3 000-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმებული, 2013 წლიდან დღემდე კომპანიას გადახდილი აქვს : 74 000 000 მილიონი ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით, 4 000000 ქონების გადასახადი, 47 000 000 მოგების გადასახადი, 62 000 000 საშემოსავლო გადასახადი, 49 000 000 რეგულირების გადასახადი). ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სამინისტრომ სწორად დასახა სამოქმედო გეგმა კომპანიასთან მიმართებით, როდესაც ჩვენ მიმდინარე წლის მარტის თვეში დეტალური გეგმა-გრაფიკი შევუდგინეთ ორივე კომპანიას შესაბამისი გონივრული ვადებით, რათა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კომპანიებმა დროში გაწერილ პერიოდში შეასრულონ გარემოსდაცვითი ვალდებულებები და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს რეგიონში, რასაც ჩვენ ზედმიწევნით და მუდმივ რეჟიმში მივადევნებთ თვალს.
აქვე დასკვნისათვის, ჩვენ ვმუშაობთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაზე, უფრო ქმედითი კონტროლის სისტემის შექმნაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალ კანონპროექტზე, რომელიც უკვე მზად არის და მალე გახდება საზოგადოებისთვის განხილვის საგანი. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენას. ახალი რეგულაციები შექმნის სწორ მექანიზმებს, არამხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ამ ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ეს იქნება ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რეგულაციები, რაც მყარ გარანტიებს შექმნის სახელმწიფოსათვის, რომ მაღალი რისკის საქმიანობები მოაქციოს უფრო უკეთესი რეგულირების ქვეშ.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *